guriis mxare  
  
 
 
 

guriis saerisTavo
საერისთავო შუა საუკუნეების საქართველოს სამეფოში. მოიცავდა ტერიტორიას სამხრეთით - მდ. ჭოროხიდან, ჩრდილოეთით - რიონამდე. XIII საუკუნეში გურიის მმართველებმა ერისთავთ-ერისთავის ტიტული მიიღეს, ხოლო XV საუკუნის II ნახევრიდან დამოუკიდებელი სამთავროს მთავრები გახდნენ და გურიელებად იწოდებოდნენ.

istoria

VIII საუკუნემდე გურიის ტერიტორიას ეგრისის სამეფოს ფარგლებში ლაზიკის სახელით იცნობდნენ. XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სავარაუდოდ ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობოდა, აფხაზთა მეფე ლეონ II-მ გურია აფხაზეთის სამეფოს ერთ-ერთ საერისთავოდ აქცია. თუმცა მკლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ „გურიის საერისთავო“ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა.

არაფერია ცნობილი გურიის საეროსთავოს შესახებ 1222 წლამდე. გურიის მმართველი პირველად 1226 წელს (შემდეგ 1240 წ.) - „გურიელის“ სახელით იხსენიება. როგორც ჩანს ეს ტერმინი თავიდან გარკვეული თანამდებობის აღმნიშვნელი იყო და ასევე აღნიშნავდა კონკრეტული ტერიტორიის მფლობელს. ტერიტორიულად გურიის საერისთავო, სავარაუდოდ, მდ. რიონიდან ჭოროხამდე ვრცელდებოდა. XIX საუკუნეში მოღვაწე გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ცნობით, თამარ მეფის დროიდან, გურიის უკიდურესი სამხრეთი საზღვარი ქემერი (რკინის პალო) იყო. 1280-იან წლებში გურია საქართველოს სამეფოსგან დამოუკიდებლობას აცხადებს, მაგრამ დაახლ. 1330 წელს იძულებული ხდება გიორგი V ბრწყინვალეს დაემორჩილოს. კირილ თუმანოვის თანახმად, არა უადრეს 1352 წლიდან, გურია დადიანების „სეკუნდოგენიტურის“ სამფლობელოს წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ტახტზე ბაგრატ V ავიდა, აჯანყდა სვანები. ბაგრატმა აჯანყებულები დაამარცხა (1367 წ.) და სვანთა ერისთავს გურია გადასცა. სწორედ ამ დროიდან გურიის საერისთავოს ვარდანისძეები ეუფლებიან. 1372 წელს ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტოსის ცნობით გურიელები პატივს მიაგებდენ ტრაპიზონის იმპერატორს.

წყაროებში გურიელებიდან ერისთავებად იხსენიებიან:

სიმონ I გურიელი - XIV საუკუნის შუა წლები; მოიხსენიება როგორც „ერისთავთერისთავი, მსახურთუხუცესი, სვანთა ერისთავი სუიმეონ გურიელი“. მისი მსახურთუხუცესობის პერიოდი სავარაუდოდ მოდის დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის მეფობის დროზე.

გიორგი II დადიანი - 1345-1384

კახაბერ I გურიელი - იხსენიება 1352 წელს, ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში, ასევე შემოქმედისა და ჯუმათის ხატების და ექადიის ტაძრის წარწერებში; იხსენიებოდა ერისთავთერისთავად, სვანთა ერისთავად

გიორგი გურიელი (ლომკაცი) - XV საუკუნის შუა წლები; მოხსენიებულია ჯუმათის მთავარანგელოზის ხატის წარწერაზე

მამია გურიელი (ლიპარიტ I დადიანის უმცროსი ძე) - გურიის უკანასკნელი ერისთავი და პირველი მთავარი. იხსენიება 1460 წელს.